ნოემბერი 548
en

საქართველოს ქალაქები

საქართველოს ეროვნული არქივი პროექტი „საქართველოს ქალაქები“ საუკუნისწინანდელი ფოტოების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შენახვას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ძველ ფოტოებზე შემორჩენილი კადრების თანამედროვე ხედები აღიბეჭდა. 

ეროვნულ არქივში დაცულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ხედები, ამ ფოტოების ავტორები არიან: ალექსანდრე როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, ედუარდ კლარი, ნიკოლოზ საღარაძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ნიკოლაძე და სხვები.

პროექტი „საქართველოს ქალაქები“ 2009 წელს დაიწყო. ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა.

2011 წელს პროექტი ბათუმში განხორციელდა. შავიზღვისპირა ქალაქი ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო და ქალაქის ძველი და ახალი ხედები ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ გამოფენაზე გაერთიანდა. ამასთან, დაიბეჭდა კალენდარი თანამედროვე ბათუმის ხედებით.

2012 წელს გურამ წიბახაშვილმა უძველეს კადრებზე შემონახულ ხედებს თანამედროვე ანალოგები ქუთაისში მოუძებნა. პროექტის ეს ნაწილიც დასრულდა გამოფენით, რომელსაც ქუთაისის იუსტიციის სახლი მასპინძლობდა. გამოიცა სპეციალური ალბომი, რომელშიც ქუთაისის შედარებითი ფოტოებია წარმოდგენილი.